სამართალი
01.10.2020 21:00
გორის გასასვლელთან მომხდარი ავარიის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი - დაშავდა

გორი-კარალეთის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი ადამიანი კი, დაშავდა. დაშავებულთაგან ერთ-ერთი მცირეწლოვანი გოგონაა.

მსუბუქი ავტომობილი სატვირთოს შეეჯახა, რის შედეგადაც ავტომობილის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, მანქანაში მყოფმა ორმა მგზავრმა, ბებიამ - შუა ხნის ქალმა და შვილიშვილმა - 4 წლის გოგონამ - სხეულის ტრავმული დაზიანებები მიიღეს.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა კლინიკა „გორმედში“ გადაიყვანეს. „გორმედის“ ექიმის, დავით გასიტაშვილის ინფორმაციით, პაციენტების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ცოტა ხანში, კატასტროფული მედიცინის ცენტრი მცირეწლოვანს თბილისში, სპეციალიზებულ კლინიკაშ გადაიყვანს. ცნობისთვის, ბავშვს ბარძაყის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. კანონდარღვევა ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

კვირის ამბები