პოლონეთის დელეგაციასთან შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხევდრას მხარის გუბერნატორმა უმასპინძლა. მხარეებმა ორ რეგიონს შორის თანამშრომლობისა და ერთობლივი სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს, რაც ერთობლივი პროექტების განხორციელებას და სხვადასხვა მიმართულებით გამოცდილების გაზიარებას მოიცავს. მათ შორის, გახლავთ საინფორმაციო ვიზიტი პოლონეთში, რომლითაც ქართლელი ფერმერები ისარგებლებენ და პოლონურ გამოცდილებას ადგილზე გაეცნობიან.
„ჩვენთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირის ქვეყნის გამოცდილების გაზიარება, მითუმეტეს, როდესაც ჩვენს ფერმერებს შესაძლებლობა მიეცემათ ადგილზე გაეცნონ ინფორმაციას, ნახონ თანამედროვე სტანდარტების მქონე ფერმები და მეურნეობები. შიდა ქართლს სოფლის მეურნეობის მიმართულებით კარგი პერსპექტივები აქვს და ჩვენი, სახელმწიფოს მოვალეობაა ფერმერებს მაქსიმალურად შევუწყოთ ხელი", - აღნიშნა გიორგი ხოჯევანიშვილმა შეხვედრის დასასრულს.
შეგახსენებთ, რომ შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის, გორის მუნიციპალიტეტის მერიის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოსა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის წარმომადგენლები, პოლონეთში ოფიციალური ვიზიტით მიმდინარე წლის მარტში იმყოფებოდნენ. სწორედ აღნიშნული ვიზიტისას დაიგეგმა შიდა ქართლის რეგიონში მოღვაწე ფერმერების სასწავლო ვიზიტი პოლონეთში.