საზოგადოება
01.10.2020 14:09
პირველ ოქტომბერს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება

მსოფლიო, 1990 წლიდან, პირველ ოქტომბერს ხანდაზმულ ადამიანთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. აღნიშნული თარიღი, ოფიციალურად, 1990 წელს, ხანდაზმულთა პრობლემებისადმი მიძღვნილმა გაეროს მსოფლიო ასამბლეამ  გამოაცხადა. მიზანი კი, გაეროს პრინციპია - ხანშიშესული ადამიანების ცხოვრება სრულყოფილი გახადოს და ქვეყნების მთავრობებს მოუწოდებს, ხანდაზმულები, სოციალურ და ეკონომიკურ პროგრამებში ჩართონ. აღსანიშნავია, რომ მეცნიერების მიერ დადგენილია 10 ფაქტი სიბერისა და სიცოცხლის ციკლის შესახებ. რომლის მიხედვითაც ხანგრძლივი სიცოცხლე კარგი ჯანმრთელობის მაჩვენებელია. მოსახლეობის დაბერება კი, მთელ მსოფლიოში, ჯანმრთელობის გაუმჯობესების მანიშნებელია.

არსებული მონაცემებით, მსოფლიოში აღირიცხება 650 მლნ ხანდაზმული ანუ, 60 წელს გადაცილებული ადამიანი. მეცნიერების ვარაუდით კი, 2050 წლისათვის ხანდაზმულთა რაოდენობა 2 მლრდ-ს მიაღწევს.
რაც შეეხება საქართველოს, ქვეყანამ ხანდაზმულ ადამიანთა დაცვის დღედ 1 ოქტომბერი,  საქართველოს პრეზიდენტის N#467 ბრძანებულების თანახმად, 2003 წლის 27 სექტემბერს გამოაცხადა.

ხანდაზმულები საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 20%-ს შეადგენენ. კერძოდ, ხანდაზმულებად ითვლებიან 60-74 წლისანი, მოხუცებად - 75-89 წლისანი, ხოლო დღეგრძელებად 90 წელს გადაცილებულები. 2007 წელს, საქართველოში ხანდაზმული მოსახლეობა 19,6%-ს შეადგენდა, ხოლო, მეცნიერთა ვარაუდით, 2050 წლისთვის  ეს მაჩვენებელი 30%-იან ზღვარს მიაღწევს, ასევე, აღსანიშნავია, რომ საქართველოში რეგისტრირებულია ხუთასამდე ადამიანი, რომელთა ასაკი 100 წელს შეადგენს.

კვირის ამბები