საქართველოში კორონავირუსის 448 ახალი შემთხვევიდან 7 დადასტურებული ფაქტი შიდა ქართლშია. აღნიშნული 7 პირიდან 5 შიდა ქართლის მცხოვრებია, ორი კი - დასაქმებულია გორის მუნიციპალიტეტში.
შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსულებლის სიმონ გულედანის ინფორმაციით, ინფიცირებულთაგან სამი არასრულწლოვანია.
„შიდა ქართლში კოვიდინფიცირების 7 ახალი შემთხვევაა დადასტურებული, თუმცა, განვმარტავ, რომ აღნიშნული 7 პირიდან 2 რეგიონის მცხოვრები არ არის, ისინი დასაქმებულები არიან გორში და ტესტირებისას კორონავირუსული ინფექცია აქ არ დადასტურებიათ, ამასთან ერთ-ერთი მათგანი დისტანციურ რეჟიმში მუშაობდა და პირდაპირი კონტაქტი გორის მუნიციპალიტეტთან გარკვეული პერიოდია, არ ჰქონია. რაც შეეხება დანარჩენ 5 ინფიცირებულს, მათგან სამი არასრულწლოვანია, ინფიცირების აღნიშნული ფაქტები ძირითადად, ტირძნისის და ნადარბაზევის კლასტერს უკავშირდება. უნდა აღინიშნოს, რომ ეს პირები თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ. დადგენილია მათთან კონტაქტში მყოფი ყველა პირის ვინაობა და მინდა გითხრათ, რომ გავრცელების საშიშროება არ არსებობს. რაც შეეხება კიდევ ერთ შემთხვევას, ეს არის აფთიაქის თანამშრომელი. მისი ინფიცირების წყარო ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა, მოძიებულია კონტაქტები და 16-ვე კონტაქტის ანალიზი უკვე აღებულია. ამ დროისთვის, მიმდინარეობს ღრმა ეპიდ.კვლევები.
აქვე დავამატებ, რომ პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მკურნალობას ადგილზე გადიან“, - განაცხადა სიმონ გულედანმა.
გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის ინფორმაციით, ამ დროისთვის, რეგიონში 213 მოქალაქე იმყოფება თვითიზოლაციაში, ლუგარის ლაბორატორიაში კი 231 პირის ნიმუშია გაგზავნილი.