დღეიდან, გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ყველა კლასის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა.
,,მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი სკოლების ყველა კლასის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა. გამონაკლისი მხოლოდ ორი სკოლა გვაქვს - სასწავლო პროცესი არ განახლდა შავშვების სკოლაში, სადაც კორონავირუსის ორი დადასტურებული შემთხვევის გამო შეჩერდა სწავლა და ასევე, მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, სწავლა კვლავ დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება გორის მე-4 საჯარო სკოლაში“, - განაცხადა გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორმა ნანა ტერმაკოზაშვილმა.
ანალოგიური რეჟიმით განახლდა სასწავლო პროცესი ფოთშიც. რაც შეეხება სხვა ქალაქებს, თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ზუგდიდის სკოლების I-დან VI კლასის მოსწავლეები სკოლებს დაუბრუნდნენ და სწავლას საკლასო ოთახებში აგრძელებენ. მე-7-დან მე-12 კლასის ჩათვლით მოსწავლეები კი, სწავლას კვლავ ონლაინ რეჟიმში გააგრძელებენ.
დისტანციურ რეჟიმში გრძელდება სწავლა აჭარის რეგიონის სკოლებში, ასევე ქვეყნის მასშტაბით ყველა უმაღლეს სასწავლებელში.