საზოგადოება
30.09.2020 13:18
შავშვების საჯარო სკოლაში ორი კვირის განმავლობაში სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვების საჯარო სკოლაში კორონავირუსის ორი დადასტურებული შემთხვევის გამო, ორი კვირის განმავლობაში სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება. შესაბამისი გადაწყვეტილება, ეპიდემიოლოგების რეკომენდაციის საფუძველზე, საქართველოს განათლების სამინისტრომ მიიღო.

როგორც გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ტერმაკოზაშვილმა GMnews-თან საუბრისას განაცხადა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, იმ სკოლებში, სადაც კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი დადასტურდება, წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდება. კერძოდ, ყველა პედაგოგი და მოსწავლე გადავა თვითიზოლაციაში, სკოლას ჩაუტარდება დეზინფექცია, სწავლა კი დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.

„განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, იმ სკოლებში, სადაც კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი დადასტურდება, წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდება. კერძოდ, ყველა პედაგოგი და მოსწავლე გადავა თვითიზოლაციაში, სკოლას ჩაუტარდება დეზინფექცია, სწავლა კი დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება. შესაბამისი გადაწყვეყტილება ვრცელდება შავშვების საჯარო სკოლაზეც, სადაც ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ორი კვირის განმავლობაში სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება. ამ ეტაპზე, შავშვების საჯარო სკოლის ორ მოსწავლეს აქვს დადასტურებული კორონავირუსული ინფექცია. მოძიებულია კონტაქტები და ტესტები გადაგზავნილია ლუგარის ლაბორატორიაში. ჩემი ინფორმაციით, პირდაპირი კონტაქტი გამოკვეთილია 25 მოსწავლესთან და ჩვენც, ეპიდემიოლოგებთან ერთად, გაგზავნილი ანალიზების პასუხებს ველოდებით“, - განაცხადა ნანა ტერმაკოზაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსული ინფექცია შავშვების საჯარო სკოლის ორ აღსაზრდელს - მეორე და მეათე კლასის მოსწავლეებს გუშინ დაუდასტურდათ.

კვირის ამბები