იმ შემთხვევაში, თუ სწავლის დაწყების თარიღად დაანონსებულ 12 ოქტომბერს გადადების საფრთხე შეექმნება, აღსაზრდელებზე პროდუქტების გაცემის საკითხს განვიხილავთ, - აღნიშნულის შესახებ, GMnews-თან გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელმა, ლია კოვზიაშვილმა განაცხადა.
„იმის გათვალისწინებით, რომ ამ ეტაპზე, სასწავლო პროცესი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში თორმეტ ოქტომბრამდე გადავადდა, აღსაზრდელებისთვის პროდუქტების გადაცემა დღის წესრიგში არ დამდგარა, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ სწავლის დაწყების თარიღად დაანონსებულ რიცხვს - 12 ოქტომბერს, გადადების საფრთხე ისევ შეექმნება, აღსაზრდელებზე პროდუქტების გაცემის საკითხი, შესაძლოა განვიხილოთ,“ - აღნიშნა ლია კოვზიაშვილმა.
შეგახსენებთ, კორონავირუსის პანდემიის გამო, მას შემდეგ რაც მთავრობის უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედ ბაგა-ბაღებში, 3 თვის განმავლობაში, აღსაზრდელებზე, არამალფუჭებადი პროდუქტების გაცემა მიმდინარეობდა.