საზოგადოება
29.09.2020 13:04
გორსა და ხაშურში 37 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცემა

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, იძულებით გადაადგილებულ 37 ოჯახს გორსა და ხაშურში, ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართი გადაეცემა.

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით, ბინები განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად განაწილდა.

„კომისიის გადაწყვეტილებით, საცხოვრებელ ფართებს ის ოჯახები მიიღებენ, რომლებიც ამ ეტაპზე, ყველაზე მეტად საჭიროებენ განსახლებას. დამატებით, 43 დევნილ ოჯახს ადმინისტრაციულ დაპირებას გადავცემთ და მათთვის ბინებს უახლოეს მომავალში შევისყიდით. აღნიშნული ოჯახების სია სააგენტოს ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

სააგენტოს დირექტორი და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრები ინდივიდუალურად შეხვდებიან იმ დევნილებს, რომლებსაც ბინების განაწილების პროცესთან დაკავშირებით შეკითხვები გააჩნიათ. იძულებით გადაადგილებული პირების მიღება გორში, (სამების ქ.N1) სააგენტოს ტერიტორიულ სამმართველოში, დღეს გაიმართება. 

კვირის ამბები