საზოგადოება
19.10.2019 12:05
ის სახელმწიფო სერვისები, რომელსაც ატარებენ პედაგოგები, მედიკოსები და პოლიციელები, არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი - გიორგი გახარია

გიორგი გახარიამ, გორელ პედაგოგებს, ღია და გულწრფელი კომუნიკაცია შესთავაზა. პრემიერმა პედაგოგებტან მიმდინარე შეხვედრისას მთავრობის პრიორიტეტებზე გაამახვილა ყურადღება, რომელთა შორის ერთ-ერთი მთავარი განათლების სფეროა და 2020 წლის ბიუჯეტზეც ისაუბრა.

„ის გამოწვევები, რომელსაც დღეს გლობალური კონკურენცია უსახავს თითოეულ ჩვენ ახალგაზრდას, თუნდაც მაღალი სპეციალიზაციის ან ძალიან სპეციფიკური ცოდნების ნაწილში, რა თქმა უნდა, თქვენი ფუნქცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია. თქვენ ჩვენი სოციალურად აქტიური საზოგადოების ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ხართ, არ ვამბობ ამას მოფერების გამო. ბოლო პერიოდში ძალიან ხშირად გვაკრიტიკებენ ბიუჯეტის შედგენის გამო, სადაც ძალიან მკაფიოდ განვსაზღვრეთ რამდენიმე ფუნდამენტური პრიორიტეტი. ეს არის პირველ რიგში ბავშვები, ახალგაზრდა თაობა, ამასთანავე, ჩვენი პენსიონერები, ასაკოვანი თაობა, რომელიც სწორედ უზარმაზარი ღვაწლმოსილი ადამიანები არიან. ვთქვით, რომ სახელმწიფო აპარატი, რომელიც ამ სოციალურ ჯგუფებს ემსახურება, პირველ რიგში ეს არიან მასწავლებლები, მეორე რიგში - ჩვენი მედიკოსები და ყველაფერს ამას კრავს პოლიცია. ეს არის სახელმწიფო სერვისების ის ინფრასტრუქტურა, რომელიც წყნარ, მშვიდ გარემოში თითოეულ მოქალაქეს აძლევს როგორც თვითგამორკვევის, თვითრეალიზაციის, ასევე, წყნარად, მშვიდად ცხოვრების, ყოველდღიური საქმიანობის საშუალებას, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ამიტომ ვამბობთ, რომ ის სახელმწიფო სერვისები, სახელმწიფო ფუნქციები, რომელსაც ატარებენ პედაგოგები, მედიკოსები და პოლიციელები, არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი“, - განაცხადა გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ამ წუთებში გორის სამხატვრო სკოლის შენობაში შეხვედრას პედაგოგებთან მართავს. დღესვე, გიორგი გახარია მედიკოსებს, სპორტსმენებს, სოფლის მეურნეობის სფეროს წარმომადგენლებს, პოლიციელებს და ადგილობრივი ხელისუფლების წევრებს შეხვდება. 

კვირის ამბები