საზოგადოება
26.09.2020 11:45
კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა საქართველოში, 166 შემთხვევა აჭარაშია. აჭარაში საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება შეიზღუდა

საქართველოში კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა საერთო რაოდენობა 4960 გახდა.

მთავრობის მიერ შექმნილი ვებ-გვერდის, stopcov.ge-ს ინფორმაციით, კორონავირუსისგან კიდევ 60 ადამიანი გამოჯანმრთელდა და გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 1819 ერთეულამდე გაიზარდა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5584 პირი, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ არის 836 მოქალაქე, კოვიდ სასტუმროში კი 781 ადამიანია მოთავსებული.

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის 296 ახალი შემთხვევიდან 166 აჭარაში დადასტურდა, 41 კი - თბილისში. მარინა ენდელაძის განცხადებით, ქვეყანაში კრიტიკულად მძიმე 19 პაციენტია, რომელთაგან 17 მართვით სუნთქვაზეა.

„დაგვემატა 296 ახალი შემთხვევა და გახდა 4960 დადასტურებული შემთხვევა. აჭარაში არის 166 ახალი შემთხვევა, იმერეთში-55, გურიაში-9, თბილისში-41, კახეთში-1, მცხეთა-მთიანეთში-2, სამეგრელო და ზემო-სვანეთში-18 , სამცხე-ჯავახეთში-1, ქვემო ქართლში-3 შემთხვევა“,-განცხადა მარინა ენდელაძემ.

ინფექციის შემთხვევების განსაკუთრებული მატების გამო, აჭარაში, დღეიდან, საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება შეიზღუდა (25 სექტემბრიდან აიკრძალა მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა).

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, აჭარაში სასწავლო პროცესის განახლება და სატრანსპორტო მოძრაობის აღდგენა  ეპიდემიოლოგიური სიტუაციის დასტაბილურების შემდეგ მოხდება.

კვირის ამბები