კონფლიქტები
25.09.2020 13:35
ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ, რამდენიმე თვის წინ ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი ცხინვალის ციხიდან გაათავისუფლეს.

ე.წ. საზღვარი მღებრიშვილმა რამდენიმე წუთის წინ გადმოკვეთა და ამ დროისთვის საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. იგი ოჯახში დაბრუნებამდე სავალდებულო კარანტინს გაივლის.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსის ირაკლი ანთაძის ინფორმაციით, ცხინვალის ციხიდან გათავისუფლებული ხვიჩა მღებრიშვილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება.

„რამდენიმე წუთის წინ ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოვიყვანეთ უკანონო პატიმრობაში მყოფი ხვიჩა მღებრიშვილი. ამ ეტაპზე, როგორც თავად განაცხადა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგია. გარემოებებიდან გამომდინარე, იგი ექვემდებარება საკარანტინე სივრცეში გადაყვანას, ამიტომ არ მოგვეცა დეტალური საუბრის საშუალება, მაგრამ საკარანტინე პერიოდის ამოწურვის შემდეგ, ეს საშუალება ჩვენ გვექნება და შესაბამისად, გვექნება მეტი ინფორმაცია და მეტი დეტალი უკანონო პატიმრობაში მის ყოფნასთან დაკავშირებით. ვიზუალურად, ძალადობის ნიშნები არ აღენიშება. დეტალებზე სამწუხაროდ არ გვისაუბრია, დეტალებს გავარკვევთ, როდესაც გვექნება მასთან გასაუბრების საშუალება“, - აღნიშნა ანთაძემ.

შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა მეჯვრისხევის მკვიდრი ხვიჩა მღებრიშვილი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით, მიმდინარე წლის 3 ივლისს დააკავეს.

კვირის ამბები