ბოლო 24 საათში, საქართველოში დადასტურებული კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევიდან 2 შიდა ქართლში გამოვლინდა. აქედან ერთი პაციენტი სამედიცინო ქსელ „გორმედის“ კლინიკაში გადიოდა მკურნალობას.
„გორმედის“ კლინიკური დირექტორის, ხათუნა შრუბის განცხადებით, პაციენტს კლინიკისთვის კორონავირუსისთვის დამახასიათებელი ჩივილებით არ მიუმართავს და იგი მკურნალობას საკმაოდ დატვირთული ანამნეზით გადიოდა.
„ჩვენს კლინიკაში შემოვიდა ქრონიკული პაციენტი, საკმაოდ დატვირთული ანამნეზით - სამჯერ აქვს გადატანილი ინსულტი, შაქრიანი დიაბეტი, გულის უკმარისობა, თირკმელების უკმარისობა და დემენცია. პაციენტი შემოვიდა ჩივილებით: გულისრევა, პირღებინება, ტემპერატურის გარეშე. ჩატარდა შესაბამისი კვლევები და დადგინდა პნევმონია. ამის შემდგომ, პაციენტი გადავიყვანეთ ბოქსირებულ პალატაში, ამასთან აღებული იქნა PCR ტესტი, რაზეც მოვიდა დადებითი პასუხი. ამიტომ, პაციენტი გადავიყვანეთ შესაბამის კლინიკაში. რაც შეეხება კონტაქებს, მიმდინარეობს ეპიდ.კვლევა და შედეგებს შეგატყობინებთ. პაციენტის დაინფიცირების წყაროს შესახებ კი, ვერაფერს გეტყვით.
რაც შეეხება პრევენციას და თვითიზოლაციას, დამატებითი ღონისძიებების გატარებას არ ვაპირებთ, რადგანაც, ჩვენი კლინიკის ყველა თანამშრომელი არის დაცული - აღჭურვილი არიან ყველანაირად, შესაბამისად, ყველას ჰქონდა დაცული კონტაქტი პაციენტთან და დაინფიცირების შანსი ნაკლებია. თუმცა, გეგმიური ტესტირება ჩვეულებრივად გაგრძელდება“, - განაცხადა ხათუნა შრუბმა.
ინფორმაციისთვის, კლინიკა „გორმედის“ მედ.პერსონალის ტესტირება ხდება გეგმიურად - 12 დღეში ერთხელ, თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ დასტურდება ინფიცირებულთან კონტაქტი - 72 საათში.
GMnews-ის ინფორმაციით, „გორმედის“ ქსელიდან ლუგარის ლაბორატორიაში მთლიანობაში 2400 PCR ტესტია გადაგზავნილი, ამაში შედის როგორც თანამშრომლების, ასევე, პაციენტების საანალიზე მასალა.