გორის მერიამ USAID-ის პროექტის, „ზრდა“-ს მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში რომლის მიზანიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული მუზეუმების განვითარება იყო, გრანტი მოიპოვა.
GMnews-ის ინფორმაციით, საგრანტო ბიუჯეტი, ჯამში, 62 056 ლარს შეადგენს. პროექტის განხორციელებისას კი, თვითმმართველობის თანადაფინანსების წილი 9 440 ლარით განისაზღვრა. უკვე ცნობილია, რომ აღნიშნული ფინანსური რესურსი ორი მუზეუმის - სერგი მაკალათიას სახელობის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმისა და ნიკო ლომოურის სახელობის მემორიალური მუზეუმის განვითარებას მოხმარდება. ორივე კულტურული ობიექტი აღიჭურვება საჭირო ინვენტარით, რაც ხელს შეუწყობს მათი ინფრასტრუქტურისა და სერვისების გაუმჯობესებას.
„მინდა აღვნიშნო, ეს არაა პირველი გრანტი, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის მერიამ USAID-ის პროექტის - „ზრდა“-ს მხარდაჭერით მოიპოვა. შეგახსენებთ, აღნიშნული ორგანიზაციის დახმარებით სოფელ ქვეშში ახლახანს რეაბილიტაცია ჩაუტარდა საბავშვო ბაღის შენობას, ციცაგიაანთკარში კი, ამ დროისთვის სასმელი წყლის სისტემის მოწყობა მიმდინარეობს. კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას USAID-ის პროექტს - „ზრდა“ ასეთი მხარდაჭერისთვის და ახალი შესაძლებლობების მონიჭებისთვის,“ - აღნიშნა გორის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა.