საზოგადოება
25.09.2020 10:44
განახლდება თუ არა საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 1-ლი ოქტომბრიდან

ბაღებში მეტი რისკია, რაღაც პერიოდი გვჭირდება, რომ ბაღების მომზადება სრულად უზრუნველვყოთ, - აღნიშნულის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, როდის განახლდება საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი, ამასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის და შესაბამისად, აღნიშნული საკითხი საკოორდინაციო საბჭოს დღის წესრიგში რჩება.

„უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გუშინდელ სხდომაზეც ვიმსჯელეთ საბავშვო ბაღებში სწავლის განახლებასთან დაკავშირებით, თუმცა, გადაწყვეტილება მიღებული არ არის. არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწიენებით, ვაგრძელებთ საკითხზე მუშაობას. დისტანციისა და ელემენტარული რეგულაციების დაცვა ბავშვებს გაუჭირდებათ, ამიტომ ბაღებში მეტი რისკია, ამასთან, ზოგიერთი ბაღი მეტადაა მომზადებული, ზოგიერთი - ნაკლებად. აქედან გამომდინარე, გვჭირდება რაღაც პერიოდი, რომ ბაღების მომზადება სრულად უზრუნველვყოთ“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს უნდა განახლებულიყო, კორონავირუსის პანდემიის გამო 1-ელ ოქტომბრამდე გადავადდა.

კვირის ამბები