საზოგადოება
25.09.2020 10:37
გორში ავტობუსების სადგომის მშენებლობა მალე დასრულდება, მიმდინარეობს ობიექტთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია

გორში, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე, ავტობუსების ახლადმოწყობილ სადგომამდე მისასვლელი გზის მოწყობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული სამუშაოები გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა ადგილზე დაათვალიერა დ ადასაქმებულებთან პროექტის მიმდინარეობის პროცესი განიხილია.

პროექტის მიხედვით, გზის 810 მეტრიან მონაკვეთის რეაბილიტაცია ხორციელდება, რისთვისაც  352 444 ლარია გათვალისწინებული. კონტრაქტორ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, სამუშაოები ნოემბერში უნდა დასრულდეს.

შეგახსენებთ, რომ ავტობუსების სადგომის ადმინისტრაციული შენობისა და მიმდებარე ტერიტორიის მოწყობის სამუშაოები თითქმის დასრულებულია. ამ ეტაპზე ეზოს მოწყობა მიმდინარეობს.

ობიექტი განკუთვნილია მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გორის მუნიციპალიტეტისთვის შეძენილი იმ 30 ერთეული ავტობუსისთვის, რომლებიც მერიას მიმდინარე წლის ნოემბრიდან ეტაპობრივად გადაეცემა.

როგორც გორის მერიაში აღნიშნავენ, გორში მალე ამოქმედდება მუნიციპალური ტრანსპორტი და მოგვარდება ათწლეულების მანძილზე გადაუჭრელი პრობლემა.

კვირის ამბები