კონფლიქტები
24.09.2020 21:20
რაც შეეხება ხვიჩა მღებრიშვილის გათავისუფლებას, ველოდებით, რომ ეს იქნება ხვალ - ირაკლი ანთაძე

რაც შეეხება ხვიჩა მღებრიშვილის გათავისუფლებას, ველოდებით, რომ ეს იქნება ხვალ, - აღნიშნული განცხადება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ მიმდინარე წლის 3 ივლისს, მეჯვრისხევის განაპირას დაკავებულ ხვიჩა მღებრიშვილთან დაკავშირებით გააკეთა.

„დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ ყველა მნიშვნელოვანი ინცინდენტი, რასაც ადგილი ჰქონდა წინა შეხვედრიდან დღემდე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების საკითხს. გვაქვს პოზიტიური სიგნალი ხვიჩა მღებრიშვილთან დაკავშირებით და ეს არის შედეგი იმ მუშაობის, რაც გასწიეს ჩვენმა საერთაშორისო პარტნიორებმა და საკითხში ჩართულმა ყველა უწყებამ. ხვალ ათავისუფლებენ, ამას ვგულისხმობდი პოზიტიურ სიგნალში. გრძელდება მუშაობა, რომ ყველა ჩვენი თანამოქალაქე დაუბრუნდეს საკუთარ ოჯახებს მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში. გარდა ამისა, შევეხეთ უკანონო ბორდერიზაციის პროცესს, რომელიც, სამწუხაროდ, აქტიურ ფაზაში იყო შესული ბოლო პერიოდის განმავლობაში. ასევე, ვისაუბრეთ თავისუფალი გადაადგილების კუთხით არსებულ პრობლემებზე. რაც შეეხება ხვიჩა მღებრიშვილის გათავისუფლებას, ველოდებით, რომ ეს იქნება ხვალ. მთავარია, რომ ეს ადამიანი ოჯახს დაუბრუნდება“, - განაცხადა ანთაძემ.

ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძე ცხინვალის საპყრობილეში უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების ოჯახის წევრებს შეხვდა.

ირაკლი ანთაძე ჯერ სოფელ მეჯვრისხევში, ხვიჩა მღებრიშვილის ოჯახში იმყოფებოდა, შემდეგ კი - კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალაში, სადაც ზაზა გახელაძის ოჯახის წევრებს შეხვდა.

სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ დაკავებულების ახლობლებს დღევანდელი შეხვედრის შედეგებზე მიაწოდა ინფორმაცია.

კვირის ამბები