საზოგადოება
24.09.2020 14:19
საქართველოში კორონავირუსით 26-ე პაციენტი გარდაიცვალა

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 26-მდე გაიზარდა - ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ.გვერდზე - stopcov.ge-ზეა განთავსებული.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსით გარდაცვლილი 26-ე პაციენტი მკურნალობის კურსს ბათუმში გადიოდა. მისივე თქმით, პაციენტს მძიმე თანმდევი დაავადებები ჰქონდა.

„პაციენტი იყო 70 წლის. სამწუხაროდ, 17 სექტემბერს საავადმყოფოში კრიტიკულ მდგომარეობაში შეიყვანეს. მას ჰქონდა გულის იშემიური დაავადება და ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გამყრელიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის, ქვეყანაში 11 კრიტიკული პაციენტია.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 48 საათის განმავლობაში, ქვეყანაში, კორონავირუსით 5 პაციენტი გარდაიცვალა.

კვირის ამბები