თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში 1-ელი ოქტომბრიდან სწავლა საკლასო ოთახებში მხოლოდ 1-ელიდან მე-6 კლასის ჩათვლით მოსწავლეებისთვის აღდგება, ფოთსა და გორში კი სასწავლო პროცესი ყველა კლასის მოსწავლეებისთვის სკოლებში განახლდება, - აღნიშნულის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.
ნათია მეზვრიშვილის ინფორმაციით, უმაღლეს სასწავლებებლებში სწავლა დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.
„ყველგან, სადაც დისტანციურად მიმდინარეობს სწავლა, გარდა აჭარისა, 1-ელი ოქტომბრიდან 1-დან მე-6 კლასის მოსწავლეები სასწავლო ოთახებში გააგრძელებენ სწავლას. ეს ეხება თბილისს, რუსთავს, ქუთაისს და ზუგდიდს, რაც შეეხება ფოთსა და გორს, განსხვავებით ამ ოთხი ქალაქისგან, 1-ელი ოქტომბრიდან ფიზიკურად სწავლა გაგრძელდება ყველა კლასში.
იქ, სადაც დღეს დისტანციურადაა სწავლა და 1-ელი ოქტომბრიდან ჩემ მიერ ჩამოთვლილ ქალაქებში გაგრძელდება საკლასო ოთახებში სწავლა, მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა აირჩიონ სწავლების დისტანციური მოდელი“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.