ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, ერგნეთში მორიგი შეხვედრა მიმდინარეობს. შეხვედრის დაწყებამდე, კომენტარი გააკეთა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ.
ირაკლი ანთაძის ინფორმაციით, დღევანდელ შეხვედრაზე, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები, პირველ რიგში, ცხინვალის საპატიმროში უკანონოდ დაკავებული პირების გათავისუფლებას მოითხოვენ. აღნიშნულის გარდა, განიხილება რამდენიმე ლოკაციაზე განხორციელებული უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის საკითხი.
„დღევანდელ შეხვედრაზე ვისაუბრებთ უკანონო ე. წ. ბორდერიზაციის პრობლემებზე და ყველა იმ თანამდევ პროცესებზე, რაც პრობლემებს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას თავისუფალი გადაადგილების კუთხით“, - განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ.
შეგახსენებთ, რომ ცხინვალის საპყრობილეში, ბოლო სამი თვის განმავლობაში დაკავებული საქართველოს სამი მოქალაქე იმყოფება უკანონო პატიმრობაში: ზაზა გახელაძე, რომელიც კასპის მუნიციპალიტეტის მკვიდრია; მეჯვრისხევის მცხოვრები ხვიჩა მღებრიშვილი და ასევე გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზარდიანთკარის მკვიდრი გენადი ბესტაევი.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფორმატში ერგნეთში მიმდინარე შეხვედრები 11 თვის განმავლობაში შეწყვეტილი იყო და ივლისში განახლდა.