გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის ერთ-ერთ უბანში მცხოვრები 120 ოჯახი სასმელ წყალს მალე საკუთარ ეზოებში მოწყობილი ონკანებიდან მიიღებს. წყალგაყვანილობის სისტემების მოწყობის მიზნით შესაბამისი სამუშაოები სოფელში უკვე დაიწყო.
ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოები ოთხ თვეში უნდა დასრულდეს. პროექტი ითვალისწინებს ჭაბურღილის, საქლორატოროს, წყალსადაწნეო კოშკის, სანიტარული ზონისა და გამანაწილებელი ქსელის მოწყობას.
ზერტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა დაათვალიერა.
„მოსახლეობის საჭიროების გათვალისწინებით, შემუშავდა პროექტი და მისი განხორციელება უკვე დაიწყო კიდეც. სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 350 000 ლარი გამოიყო. ასე რომ, ზერტის მოსახლეობის ნაწილს, სასმელი წყალი მალე საკუთარ ეზოებში დამონტაჟებული ინდივიდუალური ონკანების საშუალებით, 24 საათიანი გრაფიკით მიეწოდებათ,“- აღნიშნა გორის მუნიციპალიტეტის მერმა ადგილობრივ მაცხოვრებლებთან შეხვედრისას.
GMnwes-ის ინფორმაციით, დღემდე, აღნიშნულ უბანში მცხოვრები ოჯახები სასმელ წყალს მეზობელი უბნებიდან ეზიდებიან. სოფლის ერთ-ერთი მაცხოვრებლის, ნათელა ტერუნაშვილის თქმით, პრობლემის მოგვარების თხოვნით არაერთხელ მიუმართავთ წინა ხელისუფლებისთვის, თუმცა, რეაგირება არმოჰყოლია. პროექტის განხორციელების შემდეგ კი, წყალს საკუთარ ეზოებში ინდვიდუალური ონკანების საშუალებით მიიღებენ და მათი ყოველდღიური ყოფა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.