კორონავირუსის შემთხვევების გაზრდილი ოდენობის მიუხედავად, სიტუაცია სრულად კონტროლდება და მართვადია, - აღნიშნულის შესახებ, საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა.
მეზვრიშვილსი თქმით, ქვეყანაში პანიკის საფუძველი არ არსებობს.
„საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასა და მკაცრ შეზღუდვებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, რისი შიშიც მეწარმეებსა და ეკონომიკურ სუბიექტებს აქვთ, არ ვაპირებთ. მიზნობრივი და წერტილოვანი შეზღუდვები რეგიონებში შეიძლება იყოს და ეს დამოკიდებული იქნება კონკრეტულ სიტუაციასა და კონკრეტულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე. ეს წერტილოვანი შეზღუდვები რომ საჭირო არ გახდეს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა მოქალაქემ რეგიონსა თუ ქალაქში, ზედმიწევნით დაიცვას წესები.
ეკონომიკის შეზღუდვისა და მკაცრი შეზღუდვების დაწესების რესურსი არ არსებობს და ამაზე თამამად ვსაუბრობთ. ვეღარ ჩაიკეტება ეკონომიკა. ეს ყველაფერი ჩვენს მოქალაქეებს დააზარალებს. იმისთვის რომ ეს არ მოხდეს, თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გამოიჩინოს მაღალი პასუხისმგებლობა და პირბადე ატაროს არამხოლოდ შენობაში, არამედ მის გარეთაც, სადაც ადამიანები ახლოს არიან ერთმანეთთან“, - განაცხადა მეზვრიშვილმა.