სპორტი
18.10.2019 17:51
2020 წლის 19-წლამდე ქალთა ევროპის ჩემპიონატის თამაშებს გორი უმასპინძლებს
მომავალ წელს საქართველო 19-წლამდე ქალთა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. უკვე გადაწყვეტილია, რომ დედაქალაქის გარდა, რამდენიმე შეხვედრა გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე გაიმართება. UEFA-ს და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები დღეს გორს სტუმრობდნენ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი დაათვალიერეს. სტუმრები სტადიონის შიდა ინფრასტრუქტურით დაინტერესდნენ და დეტალურად გაეცნენ არსებულ მდგომარეობას. ადმინისტრაციასთან გასაუბრების შემდეგ კი, აღნიშნეს, რომ არსებული რეალობა სავსებით აკმაყოფილებს დადგენილ სტანდარტებს და დამატებითი რეკომენდაციების შემთხვევაში, საფეხბურთო კლუბ „გორის“ ხელმძღვანელობას, შესაბამისი წინადადებებით მიმართავენ. კლუბის დირექტორი, გია ისიანი ამბობს, რომ პარტნიორების მხრიდან რეკომენდაციების შეთავაზების შემთხვევაში, ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით, შეუსაბამობებს შეძლებისდაგვარად მოკლე დროში აღმოფხვრიან და ევროპის ჩემპიონატს მომზადებული ინფრასტრუქტურით დახვდებიან. შეგახსენებთ, რომ 2017 წლის უეფას 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის მასპინძელიც საქართველო გახლდათ. ევროპის ჩემპიონატის გახსნისა და დახურვის შეხვედრები, სწორედ თენგიზ ბურჯანაძის სტადიონზე გაიმართა.
კვირის ამბები