კულტურა
18.09.2020 15:04
ერისთავის სახელობის თეატრი შემოქმედებითი სეზონის გახსნამდე გულშემატკივარს ახალ ვებ გვერდს სთავაზობს
გიორგი ერისთავის სახელობის გორის სახელმწიფო დრამატული თეატრი ერთგულ მაყურებელს და გულშემატკივარს სიახლეს სთავაზობს - თეატრის ინტერიერის ონლაინ, 3D ფორმატში დათვალიერება, თეატრის მუზეუმის მასალების, მონატრებული სპექტაკლების და ვიდეოების, თეატრის ელექტრონული ბიბლიოთეკისა (სადაც განთავსებულია ერისთავის თეატრში სხვადასხვა დროს განხორციელებული პიესები) თუ სხვა ინფორმაციების მოძიება. ახალი ელექტრონული სივრცე უკვე ამოქმედდა.
www. eristavitheatre.Ge - ახლადშექმნილი ვებ გვერდის მეშვეობით, ასევე, შესაძლებელია თეატრის მსახიობების ბიოგრაფიების, ტექ. პერსონალის საკონტაქტო ინფორმაციის, აფიშის მოძიება და ა.შ.
„იმედს ვიტოვებთ, რომ ძალიან მალე გავხსნით 176-ე სეზონს და ისევ გვექნება შესაძლებლობა, ვისაუბროთ ხელოვნების ენაზე. გვექნება საშუალება, გავიხსენოთ ძველი, თქვენთვის უკვე ნაცნობი სპექტაკლები და შემოგთავაზოთ ახალი პრემიერები, ახალი თემებით, სავსე ყველა იმ ტკივილით თუ სიხარულით, ერთმანეთისთვის გაზიარებას რომ ითხოვს. მანამდე კი, მომავალი შეხვედრის იმედით შევქმენით და წარმოგიდგენთ კომუნიკაციის ელექტრონულ ინსტრუმენტს, თეატრის განახლებულ ვებ-გვერდს, ძალიან ბევრი სიახლით და შესაძლებლობით“, - აცხადებენ გ. ერისთავის სახელობის თეატრში.
GMnews-ის ინფორმაციით, თეატრის ვებ გვერდს, მალე ინგლისური ვერსიაც დაემატება.
კვირის ამბები