ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ოფიცრის ფიცი 30-მა კურსდამთავრებულმა დადო. უმაღლესი სამხედრო სასწავლებლის სამწყობრო მოედანზე ოფიცერთა მომზადების საკანდიდატო კურსის გამოშვების ცერემონიალი საზეიმო ვითარებაში გაიმართა. პირადმა შემადგენლობამ და კურსის მსმენელებმა პატივი მიაგეს საქართველოს ერთიანობისთვის, საერთაშორისო მისიებში და სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას.
„აკადემიის სამწყობრო მოედანზე, ღვთისა და ერის წინაშე, ოფიცრის ფიცი 30-მა კურსდამთავრებულმა დადო. მათ ოფიცრის პირველადი სამხედრო წოდება „ლეიტენანტი“ მიენიჭათ. ახალგაზრდა ოფიცრები სწავლას სხვადასხვა სპეციალიზაციით გააგრძელებენ, კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ კი, თავდაცვის ძალების სტრუქტურულ ქვედანაყოფებში გადანაწილდებიან“, - განაცხადა აკადემიის რექტორმა, პოლკოვნიკმა მამია ბალახაძემ.
სამხედრო აკადემიის რექტორმა წარჩინებული მსმენელები სტატუეტით „იუნკერი“ დააჯილდოვა, ხოლო საუკეთესო მსმენელს საშტატო იარაღი გადასცა. ცერემონიის ბოლოს, კურსდამთავრებულები აკადემიის კაპელანმა, მამა თადეოზმა დალოცა.
ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი რეგულაციებით და ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციების სრული დაცვით ჩატარდა.