საზოგადოება
18.09.2020 11:21
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ელექტრონული ატესტატების გაცემა დაიწყო
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ, საქართველოს განათლების სამინისტროსთან თანამშრომლობის საფუძველზე, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის - ატესტატის ელექტრონული ფორმით გაცემა დაიწყო. როგორც სააგენტოში აცხადებენ, ელექტრონული ატესტატი არის ორიგინალი დოკუმენტის ასლი, რომელიც ორიგინალის თანაბარი იურიდიული ძალის მქონე ელექტრონული დოკუმენტია. სიახლის დანერგვის მიზანი კი, დაწესებულების სერვისებით სარგებლობის გამარტივება და ხელმისაწვდომობის გაზრდაა, რაც მომხმარებლის დროისა და რესურსის დაზოგვას უზრუნველყოფს.
„ელექტრონული ატესტატის მიღებამდე, სკოლადამთავრებულმა,თავდაპირველად, სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო მატერიალური დოკუმენტის მისაღებად განაცხადი უნდა გააკეთოს იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებში. მატერიალური დოკუმენტის დამზადების შემდეგ, მას შეეძლება, რომ ნებისმიერ დროს, ადგილიდან გაუსვლელად, ელექტრონული პორტალიდან (my.gov.ge) ელექტრონული ატესტატი ჩამოტვირთოს განცხადების ჩაბარების დროს მისთვის გადაცემულ სამახსოვრო ბარათში მითითებული განცხადების ნომრისა და კოდის მეშვეობით და გადააგზავნოს საჭიროებისამებრ. პირმა შეიძლება ელექტრონული ატესტატით ისარგებლოს იმის მიუხედავად, ის გაიტანს თუ არა მზა მატერიალურ დოკუმენტს. ამასთანავე, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, ელექტრონულ პორტალ my. gov. ge-ზე ატესტატის ელექტრონული ასლის ვალიდურობა გადაამოწმოს ელექტრონულ ატესტატზე მითითებული ინდივიდუალური ნომრის მეშვეობით“, - აცხადებენ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში.
იმ შემთხვევაში, თუ სკოლადამთავრებულ პირს მაინც ექნება ატესტატის ხელზე ქონის სურვილი, შეუძლია, მატერიალური დოკუმენტი იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებში მიიღოს.
შეგახსენებთ, იმ პირებზე, ვინც წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად გახდა სტუდენტი, ატესტატის გაცემის სერვისს ზემოხსენებული დაწესებულებები ჯავშნის სისტემის გვერდის ავლით ახორციელებენ.
კვირის ამბები