ტურიზმის სფეროში, ახალგაზრდებისთვის არაფორმალური განათლების ხელშეწყობის, ადგილობრივი ტურისტული პოტენციალის გაცნობის, აგრო და ეკოტურიზმის პერსპექტივების შესწავლის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის მერია და არასამთავრობო ორგანიზაცია „ბილიკი“ ერთობლივ საგანმანათლებლო პროგრამას ახორციელებენ. პროექტს, სახელწოდებით - „აღმოაჩინე შენი რეგიონი - ახალგაზრდები ტურიზმის სამსახურში“, ადგილობრივი თვითმმართველობა ,,განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში აფინანსებს.
GMnews-ის ინფორმაციით, პროექტში მონაწილე ახალგაზრდები კონკურსის წესით შეირჩნენ და ტრენინგ-სემინარები შემდეგ თემებზე ჩაუტარდათ:,,ეკოტურიზმის პერსპექტივები შიდა ქართლში“, ,,ტურიზმი და მცირე ინფრასტრუქტურული ობიექტები“ და,,აგროტურიზმი და მისი განვითარების გზები, სოფლის ტურიზმი შიდა ქართლში“.
„განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამა“ ხელს უწყობს არაფორმალური განათლების განვითარებას, რომლის საშუალებითაც გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდები ბევრ საჭირო და სასარგებლო ინფორმაციას იღებენ. ამის დასტურია აღნიშნული პროექტიც, რომლის ფარგლებშიც გარდა თეორიული აქტივობებისა მოეწყო გასვლითი ტურებიც. მაგალითად, უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალში და ატენის ხეობაში. ახალგაზრდებმა მოინახულეს ჩანჩქერი და ღვინის მარანი -,,შატო-ატენი“, ასევე, გაეცნენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს ლაშქრობის დაგეგმვისა და განხორციელების შესახებაც,“ - აღნიშნა გორის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების განყოფილების უფროსმა ნინო ბერიანიძემ.