საზოგადოება
17.09.2020 11:34
გორში უკვე მიღებული და გადამუშავებულია 700 ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი

დღეისათვის არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამაში ჩართული 9 კომპანიის მიერ გადამუშავებულია 2000 ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ გორში, ხილის გადამმუშავებელ კომპანია „კულა“-ში სტუმრობისას განაცხადა.

გიორგი ხანიშვილი, კომპანია „კულა“-ს შიდა ქართლის რეგიონის რწმუნებულის მოადგილესთან, ნუგზარ სამხარაძესთან ერთად ესტუმრა და ხილის ჩაბარების პროცესს გაეცნო.

„დღეისათვის არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამაში ჩართული 9 კომპანიის მიერ გადამუშავებულია 2000 ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ წლიდან წლამდე უმჯობესდება ქართული გადამმუშავებელი სექტორის მდგომარეობა, ხდება ტექნიკური გადაიარაღება და ავტომატიზაცია. რაც ერთი მხრივ პროდუქციის თვითღირებულებას აიაფებს და კონკურენტუნარიანს ხდის, მეორე მხრივ კი, ზრდის სტანდარტებს, რომლითაც ქართული პროდუქცია თავისუფლად შედის მსოფლიო ბაზრებზე“, - განაცხადა გიორგი ხანიშვილმა.

კომპანიის დირექტორის ივანე გოგლიძის განცხადებით, კომპანია „კულა“ პროგრამის დაწყებიდანვე ჩაერთო ვაშლის ჩაბარების პროცესში. უკვე მიღებული და გადამუშავებულია 700 ტონაზე მეტი ვაშლი. საწარმო იბარებს როგორც არასტანდარტულ, ისე სტანდარტულ ვაშლს. კომპანიას დღე-ღამეში 200 ტონა ნედლეულის გადამუშავების სიმძლავრე გააჩნია.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 0.10 ლარის ოდენობის სუბსიდიას გასცემს. სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც 2020 წლის 1 დეკემბრამდე მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 0.22 ლარად შეისყიდიან.

კვირის ამბები