საზოგადოება
16.09.2020 15:03
პირები, რომლებსაც კოვიდინფიცირება დაუდგინდათ, თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ - სიმონ გულედანი

გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კორონავირუსის სამი ახალი შემთხვევა გვაქვს, გაგზავნილი ნიმუშებიდან, სამ ადამიანს დაუდასტრურდა კოვიდ 19, - ეს განცხადება შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა სიმონ გულედანმა გააკეთა.

გულედანის ინფორმაციით, პირები, რომლებსაც კოვიდინფიცირება დაუდგინდათ, თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.

„მოგეხსენებათ, ბოლო დღეების განმავლობაში, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მიმდინარე სკრინინგისას რამდენიმე ასეულ ადამიანს ჩაუტარდა PCR ტესტირება. 14 და 15 სექტემბერს აღებული ნიმუშებიდან, სამი დადებითია. სამივე მათგანი, ბოლო დღეების განმავლობაში, თვითიზოლაციაში იმყოფებოდა. ჩატარებული ეპიდემიოლოგიური ღონისძიებების ფარგლებში, დადგენილია ამ ადამიანებთან პირდაპირ და არაპირდაპირ კონტაქტში მყოფ პირთა წრეც და ისინიც გადაყვანილი არიან თვითიზოლაციაში. დაინფიცირებულები კი სამკურნალოდ სპეციალურ, კოვიდ კლინიკებში მოთავსდნენ. ვითარება სრულად ექვემდებარება კონტროლს. სოფელ ქიწნისის მეურნეობის შესასვლელთან კვლავ მოქმედებს საკონტროლო პუნქტი და ყველა მოქალაქე, ვინც აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილდება, თერმოსკრინინგს და PCR ტესტირებას ექვემდებარება“, - განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორტის მოვალეობის შემსრულებელმა, სიმონ გულედანმა.

შეგახსენებთ, გორის მუნიციპალიტეტში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში კოვიდინფიცირების 8 შემთხვევა გამოვლინდა.

კვირის ამბები