18 წლის ერეკლე თედლიაშვილს, რომელიც 8 ივნისს, გორში მომხდარი ჩხუბის დროს მძიმედ დაშავდა და სამთვიანი უშედეგო მკურნალობის შემდეგ, 12 სექტემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა, დღეს დაკრძალავენ.
გარდაცვლილის ოჯახის ადვოკატის, თამარ თედლიაშვილის განცხადებით, ერეკლეს მშობლებს კითხვები აქვთ კლინიკასთან, ექიმებთან და მთელ რიგ გარემოებებზე, როგორც სამართლებრივად, ისე სამედიცინო კუთხით, შესაბამის ახსნა-განმარტებებს მოითხოვენ.
„ერეკლეს ოჯახს აქვს პრეტენზია და კითხვები კლინიკასთან, სადაც მას მკურნალობა უტარდებოდა და ასევე ექიმებთან. როდესაც შემთხვევიდან პირველივე წუთებში გაკეთდა განცხადება, რომ ის ტრავმები, რაც აღენიშნებოდა ერეკლე თედლიაშვილს იყო სიცოცხლესთან შეუთავსებელი, ამის შემდეგ, კლინიკა „ჯერს არსში“ ექიმები იმედს აძლევდნენ ოჯახს, რომ პაციენტის მდგომარეობა დღითიდღე უმჯობესდებოდა და უფრო მეტიც, რაც ყველაზე მეტ კითხვას აჩენს და ექიმების კომპეტენციას ეჭვქვეშ აყენებს, ან აჩენს კითხვებს - მოხდა ეს მათი მხრიდან შეგნებულად თუ შეუგნებლად - კლინიკამ, პირდაპირ რეანიმაციიდან, ფაქტობრივად მომაკვდავი ბავშვი გაწერა სარეაბილიტაციო ცენტრში და ფაქტი სახეზეა - „ნიუ ჰოსპიტალსშუ“ ისე დამძიმდა ერეკლეს მდგომარეობა, რომ კვლავ დააბრუნეს კლინიკა „ჯერს არსში“.
დღეს ერეკლეს დაკრძალვაა და როგორც კი ჩაივლის ეს უმძიმესი დღეები, ოჯახი ყველა კითხვით დაინტერესდება და როგორც სამართლებრივად, ისე სამედიცინო კუთხით, მოითხოვს შესაბამის ახსნა-განმარტებებს ამ გარემოებებზე.
რაც შეეხება გამოძიებას, ოჯახი თავიდანვე ნდობას უცხადებდა გამოძიებას, პირი, რომელმაც ერეკლე თედლიაშვილს დაზიანებები მიაყენა, არის ბრალდებული და ჩვენ სასამართლოს ვანდობთ გადაწყვეტილების მიღებას“, - განაცხადა გარდაცვლილი ახალგაზრდის ოჯახის ადვოკატმა თამარ თედლიაშვილმა.
შეგახსენებთ, 8 ივნისს, გორში მომხდარი ჩხუბის დროს დაშავებული 18 წლის ერეკლე თედლიაშვილი 12 სექტემბერს, თბილისში, საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მომხდარ ფაქტზე სამართალდამცავებმა თარაშ კანდელაკი დააკავეს, რომელსაც გორის რაიონულმა სასამართლომ 12 ივნისს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
დაკავებული თარაშ კანდელაკის სასამართლო პროცესი ჩანიშნული დღეს არის.