კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, გორში სადეზინფექციო სამუშაოები განახლდა, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის მერი, კონსტანტინე თავზარაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
კონსტანტინე თავზარაშვილის ინფორმაციით, სამუშაოების განახლება კოვიდინვიცირებულთა რაოდენობის ზრდამ გამოიწვია.
„სპეციალური ხსნარებით მუშავდება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილები, ატრაქციონები, ტრენაჟორები, სკამები, სავაჭრო ობიექტების მიმდებარე ტერიტორიები, მიწისქვეშა გადასასვლელები, მოსაცდელები და ა.შ.
მოგეხსენებათ, მუნიციპალიტეტში 8 ახალი დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. მათი უმრავლესობა ხალხმრავალ სოციალურ ღონისძიებებს უკავშირდება.
მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ დაიცვას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები.
გისურვებთ ჯანმრთელობას“, - აღნიშნავს კონსტანტინე თავზარაშვილი.
შეგახსენებთ, რომ გორის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა 2 დღის წინ გამოვლინდა. პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საკონტროლო გამშვები პუნქტი მოეწყო სოფელ ქიწნისის მეურნეობის შესასვლელთან, სადაც გამვლელ პირებს თერმოსკრინინგი და PCR ტესტი უტარდებათ.