საზოგადოება
15.09.2020 09:08
გორის სკოლებში სასწავლო პროცესი დღეიდან დისტანციურად განახლდება, სოფლებში კი, ქიწნისის გარდა, სწავლა ჩვეულ რეჟიმში იწყება

საქართველოში ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სასწავლო პროცესი გორის სკოლებში დღეიდან დისტანციურად განახლდება. რაც შეეხება მუნიციპალიტეტების სოფლებში არსებულ სკოლებს, ქიწნისის გარდა, სასწავლო პროცესი ყველა სკოლაში განახლდა.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისში კი, სადაც კოვიდ 19-ის რამდენიმე შემთხვევა დადასტურდა და სოფლის შესასვლელში საკონტროლო პუნქტი მოქმედებს,  სწავლა 1-ელ ოქტომბრამდე დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.

გორის გარდა, აღნიშნული შეზღუდვა მოქმედებს საქართველოს 5 სხვა ქალაქზე.

„თბილისში, გორში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ფოთში სასწავლო პროცესი როგორც უმაღლეს სასწავლებლებში, ასევე, სკოლებში დაიწყება 1-ლი ოქტომბრიდან. ეს დრო საჭიროა, რომ სწორედ შევაფასოთ დღეს მიმდინარე რისკები. ამისთვის გვჭირდება ორი კვირა და ჩვენ უკვე მივიღებთ დამატებით გადაწყვეტილებებს ბავშვებთან დაკავშირებით. ეს ეხება ყველას, მათ შორის კერძო სკოლებსაც. ასევე, ეს ეხება სხვადასხვა წრეს, რომელზეც ბავშვები დადიან და რომელიც არ არის ღია ცის ქვეშ”, - აღნიშნა მთავრობის ხელმძღვანელმა გიორგი გახარიამ.

კვირის ამბები