საზოგადოება
14.09.2020 18:27
ქიწნისის მოსახლეობას, სადაც საკონტროლო პუნქტი მოეწყო, სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეალიზაციის პრობლემა არ ექნება - სიმონ გულედანი

ნებისმიერ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა, რომ სოფელში შევიდეს ან გამოვიდეს. სოფელი ქიწნისი ჩაკეტილი არ არის, - აღნიშნული განცხადება სოფელ ქიწნისის მეურნეობის შესასვლელთან მოწყობილ საკონტროლო პუნქტზე შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა გააკეთა. როგორც სიმონ გულედანმა აღნიშნა, მოქალაქეებს გადაადგილების პრობლემა არ აქვთ, მათ, ასევე, სოფლის მეურნეობის პროდუქტების რეალიზაცია შეუფერხებლად შეუძლიათ.

„ქიწნისის მეურნეობის დასახლების შესასვლელთან მოწყობილ საკონტროლო გამშვებ პუნქტზე მიმდინარეობს მოქალაქეების თერმოსკრინინგი და როგორც შემსვლელებს, ასევე - გამომსვლელებს უტარდებათ PCR ტესტი. სხვა მხრივ, არანაირი შეზღუდვა არ მოქმედებს. ადგილობრივებს შეუფერხებლად შეუძლიათ სოფლის მეურნეობის პროდუქტების გატანა და რეალიზაცია. ამასთან, მოსახლეობას განვუმარტეთ, რომ შესაძლებლობების ფარგლებში, ყველა იმ პრობლემისა და უხერხულობის აღმოფხვრაში დავეხმარებით, რაც საკონტროლო გამშვები პუნქტის გახსნის გამო შეიძლება შეექმნათ. ჩემი თხოვნა იქნება, რომ მოქალაქეებმა დაიცვან დისტანცია და გაითვალისწინონ ყველა ის რეკომენდაცია, რაც გაცემულია უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ“, - განაცხადა სიმონ გულედანმა.

შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისის შესასვლელთან საკონტროლო პუნქტი განთავსდა, სადაც გამვლელებს თერმოსკრინინგი და PCR ტესტირება უტარდებათ.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება მას შემდეგ მოხდა, რაც გორის ერთ-ერთ რესტორანში გამართული ქორწილის მონაწილეთა ნაწილს კორონავირუსი დაუდგინდა.

კვირის ამბები