საზოგადოება
14.09.2020 14:52
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისთან საკონტროლო პუნქტი მოეწყო
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისთან, ასევე, კახეთისა და გურიის რეგიონებში, სოფლების - მატანის, ზოდისა და ჩხაკაურას მიმდებარედ საკონტროლო პუნქტები მოეწყობა, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა საკოორდინაციო საბჭოპს დასრულების შემდეგ განაცხადა.

როგორც ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, აღნიშნულ სოფლებში სწავლა 1-ელ ოქტომბრამდე ონლაინ რეჟიმში გაგრძელდება.

„ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანთან, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოდსა და ჩხაკაურასთან, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისთან მოეწყო საკონტროლო პუნქტები. აღნიშნულ სოფლებში ყველა შემსვლელი და გამსვლელი დაექვემდებარება ტესტირებას და თერმოსკრინინგს. ასევე აღნიშნულ სოფლებში, 1-ელ ოქტომბრამდე სწავლა გაგრძელდება დისტანციურ რეჟიმში“, - განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

შეგახსენებთ, გორის ერთ-ერთ რესტორანში გამართულ ქორწილში სტუმრადმყოფ ორ პირს და სიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა, გუშინ კი ქორწილში მყოფთაგან კიდევ 8 პირს დაუდგინდა კორონავირუსით ინფიცირება. ამასთან, დამატებითი კვლევებისთვის, გორიდან ლუგარის ცენტრში 170 ნიმუშია გაგზავნილი.
კვირის ამბები