საქართველოს ექვს ქალაქში სასწავლო პროცესი ხვალიდან, დისტანციურ რეჟიმში განახლდება.
GMnews დაინტერესდა, როგორ მოხდება მოსწავლეების წიგნებით უზრუნველყოფა, როცა სასწავლო პროცესი სკოლაში არ ახლდება. როგორც გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ნანა ტერმაკოზაშვილმა GMnews-თან საუბრისას აღნიშნა, უკვე გაცემულია შესაბამისი მითითება და კლასის დამრიგებლები მოსწავლეთა მშობლებს სკოლაში იბარებენ წიგნების წასაღებად.
„სამწუხაროდ, არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, წლევანდელი სასწავლო პროცესი გორში დისტანციურად იწყება. მოსწავლეებისთვის წიგნების გადაცემა როგორც წესი სკოლაში, სწავლის დაწყების დღეს ხდებოდა, მაგრამ ამჟამად, ცოტა განსხვავებული რეალობა გვაქვს - დამრიგებლები სხვადასხვა დროს იბარებენ მშობლებს და მათ გადასცემენ სახელმძღვანელოებს. ნაწილი უკვე გაცემულია, ნაწილის გადაცემა კი დღეს, დღის ბოლომდე დასრულდება“, - აღნიშნა ნანა ტერმაკოზაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ექვს ქალაქში - თბილისში, გორში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ფოთში 15 სექტემბრიდან სწავლა დისტანციურად დაიწყება, 1-ლი ოქტომბრიდან კი - მოსწავლეები სკოლაში დაბრუნდებიან.