როგორ უნდა გამოვიყენოთ სამედიცინო ნიღაბი და რას ნიშნავს ნიღბის თეთრი და ცისფერი მხარე
კორნავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებული ადმინისტრაციული სანქციების მიხედვით, დახურულ საჯარო სივრცეში თავშეყრისას პირბადის ტარების წესის დარღვევის, ან პირბადის უქონლობის შემთხვევაში, ფიზიკური პირისთვის ჯარიმა 20 ლარით, ობიექტის მფლობელი იურიდიული პირისთვის კი 500 ლარითაა განსაზღვრული.
საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მეტროპოლიტენით და ტაქსით გადაადგილებისას პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის, მგზავრი და მძღოლი ასევე, 20 ლარით ჯარიმდებიან. ბოლო პერიოდში, მოქალაქეთა უმრავლესობა სამედიცინო ნიღაბს სწორედ ზემოხსენებული ფინანსური სანქციების თავიდან არიდების მიზნით ატარებს და ცოტამ თუ იცის, რომ პირბადის არასწორმა გამოყენებამ, შესაძლოა, დაავადების რისკი შემცირების ნაცვლად გაზარდოს.
GMnews-ი გთავაზობთ რჩევებს, რომლებიც ნიღბის სწორად გამოყენებასა და დაინფიცირებისგან თავის არიდებაში დაგეხმარებათ:
1. პირბადე მხოლოდ ხალმხრავალ და დახურულ სივრცეში გაიკეთეთ, ქუჩაში ნიღბის ტარება რეკომენდებული არ არის;
2. პირბადის გაკეთების წინ, სასურველია, ხელების საპნით დაბანა. გამოყენებულ ნიღაბთან შეხების შემდეგაც ამავეს გირჩევთ;
3. ერთი პირბადით მხოლოდ ერთმა ადამიანმა უნდა ისარგებლოს. აუცილებელია გახსოვდეთ, რომ ერთჯერადი ნიღბის გამოყენების ვადა 1-2 საათია!
4. გაიკეთეთ პირბადე ისე, რომ ფარავდეს ცხვირს, პირსა და ნიკაპს;
5. თუ მას აქვს რეზინის მარყუჟი, კომფორტულად მოირგეთ ყურზე, თუ რამდენიმე ზონარი აქვს - ყველა შეიკარით. ის მჭიდროდ უნდა იყოს სახეზე მორგებული;
6. მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ სამედიცინო ნიღბის ცისფერი მხარე ჯანმრთელ ადამიანს სნეულის დაცემინების დროს გამოყოფილი ლორწოს წვეთებისგან იცავს; სამედიცინო ნიღბის თეთრი მხარე კი, ფილტრია, რომელიც მიკრობებისთვის ბარიერის შემქმნელია. ამდენად, თუ ნიღბის თეთრი მხარე თქვენი სახისკენაა მოქცეული და ცისფერი გარეთაა, ნიშნავს რომ გაციებული ხართ და საკუთარი მიკრობებისგან გარშემომყოფთ იცავთ. თუ ნიღბის ცისფერი მხარე თქვენი სახისკენაა მიმართული და თეთრი მხარე გარეთაა, ჯანმრთელი ხართ და გარშემომყოფთა ინფექციებს უფრთხით.
როგორც კვლევებით ირკვევა, პირბადის გამოყენება და ხელების ხშირი დაბანა ჰაერწვეთოვანი გზით გადამდები ვირუსული ინფექციებით, მათ შორის კორონავირუსით ინფიცირების რისკს 50%-ით ამცირებს.