საზოგადოება
14.09.2020 11:22
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სოფლად სახლს კიდევ 278 ოჯახისთვის შეისყიდის
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სოფლად სახლს კიდევ 278 იძულებით გადაადგილებული ოჯახისთვის შეისყიდის.
GMnews-ის ინფორმაციით, „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახები საკუთარი სურვილის შესაბამისად არჩევენ სახლს საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემდეგ კი, სააგენტო მათთვის საცხოვრებელს შეისყიდის. სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებისთვის სახლის საყიდლად გამოყოფილი თანხის ოდენობა ოჯახის სულადობის მიხედვით განისაზღვრება.
„მნიშვნელოვანია, რომ სახლების უმეტესობას თან ახლავს მიწის ნაკვეთები, რაც დევნილებს შემოსავლის დამატებითი წყაროს გაჩენაში ეხმარება. აღნიშნული პროექტი, მთელი საქართველოს მასშტაბით წარმატებით მუშაობს. სახელმწიფომ სოფლად სახლი, ჯამში, 4000-ზე მეტი დევნილი ოჯახისთვის შეისყიდა. რაც შეეხება მიმდინარე წლის ანგარიშს, „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, 500-მდე იძულებით გადაადგილებული ოჯახი განსახლდა“, - აცხადებენ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოში.
კვირის ამბები