დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო, გორში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინას კიდევ 37 დევნილ ოჯახს გადასცემს.
სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, ამ ეტაპზე, მონიტორინგის ჯგუფები შიდა ქართლის რეგიონში ადგილზე სწავლობენ ყველა იმ ოჯახის საცხოვრებელ პირობებსა და საჭიროებებს, რომლებსაც მინიმუმ 2.5 ქულა მიენიჭათ. „ახალი მიდგომის თანახმად, თუ არსებული ბინების რაოდენობა საკმარისი არ იქნება დევნილი ოჯახების არსებულ კონტიგენტზე, მათ ადმინისტრაციულ დაპირებას გადავცემთ და საცხოვრებელ ფართებს უახლოეს მომავალში შევუსყიდით“, - განაცხადა გორში სტუმრობისას ბესარიონ სიმონიშვილმა.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან, ამირან ქრისტესიაშვილთან ერთად, ხურვალეთის, შავშვების, კარალეთისა და ვერხვების დასახლებებში მცხოვრებ დევნილებსაც შეხვდა.
სიმონიშვილმა, იძულებით გადაადგილებული ოჯახების საცხოვრებელი პირობები ადგილზე მოინახულა, მათი პრობლემები მოისმინა და შეხვედრის მონაწილე დევნილებს დასაქმების მიმართულებით სააგენტოში არსებული პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.