ანტისანიტარია, საყოფაცხოვრებო და ინერტული სამშენებლო ნარჩენები, გარემოვაჭრეები - მიუხედავად იმისა, რომ გორის ძველი ბაზრის ადმინისტრაცია ტერიტორიის კეთილმოწყობის წესების დარღვევის გამო, ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლების მხრიდან არაერთხელ დაჯარიმდა, ადგილზე არსებული მდგომარეობა თითქმის უცვლელია. გორის მერიის ზედამხედველობის სამსახურში ამბობენ, რომ მათი რეკომენდაციის გათვალისწინებით, ადმინისტრაციამ ძველი შენობის ნაწილობრივი დემონტაჟი განახორციელა (საფრთხისშემცველი კონსტრუქცია მოაცილა), ასევე, მოხდა ტერიტორიის შემოღობვაც, თუმცა, პრობლემის აღმოსაფხვრელად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
„შპს „საქართველო ისრაელის პროექტების მენეჯმენტი“-ს მიმართ, კეთილმოწყობის წესების დარღვევის გამო, რამდენჯერმე გამოიწერა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. მართალია ჯარიმის თანხა (1000 ლარი) ყველა ჯერზე გადაიხადეს, მაგრამ რეალურად, მდგომარეობის გასაუმჯობესებლად სხვა არაფერი გაკეთებულა. ამჯერად, ჩვენი განყოფილების სპეციალისტები სწავლობენ როგორც ძველი ბაზრის ტერიტორიაზე, ასევე სხვადასხვა ობიექტზე არსებულ მდგომარეობას და სავარაუდოდ, კვლავ გატარდება საჯარიმო სანქციები კანონდაუმორჩილებლობის გამო. ჩვენ, ადგილობრივ დონეზე მხოლოდ ეს ბერკეტი გვაქვს“, - აღნიშნა GMnews-სთან საუბრისას გორის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უნებართვო საქმიანობის კონტროლის განყოფილების უფროსმა გიორგი დადიანიძემ.
შეგახსენებთ, რომ აგრარული ბაზრის ძველი შენობა ქალაქის ცენტრში მდებარეობს და ხშირად ხვდება როგორც უცხოელი ვიზიტორების, ისე ადგილობრივი მოსახლეობის მხედველობის არეში. აღნიშნული უძრავი ქონება, უცხოელ ინვესტორზე 2011 წელს ქალაქის განტვირთვის მიზნით გასხვისდა. ამასთან, ქართულ-ებრაულ კომპანიას, ქალაქის მაშინდელმა საკრებულომ დაახლოებით 38 ათასი კვ.მ მიწის ფართი, ცხინვალის გზატკეცილის მე-3 კმ-ზე გამოუყო, სადაც შეთანხმების მიხედვით, 1400 ადგილიანი ახალი სავაჭრო ცენტრის შენობა 17 თვეში აშენდა, თუმცა მოვაჭრეების დიდმა ნაწილმა ახალ ობიექტზე გადასვლა არ ისურვა.