საზოგადოება
12.09.2020 12:06
კორონავირუსის 158 ახალი შემთხვევიდან 3 გორში, ქორწილში სტუმრადმყოფ პირს დაუდასტურდა

GMnews-ის ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 158 ახალი შემთხვევიდან, 3 - გორში, ერთ-ერთ რესტორანში გამართულ ქორწილში სტუმრადმყოფ პირს დაუდასტურდა.

ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, GMnews-ი გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს დაუკავშირდა. ცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ქორწილის სტუმრებიდან სამ ადამიანს დაუდასტურდა კოვიდინფექცია, თუმცა, არცერთი მათგანი გორის მუნიციპალიტეტის მცხოვრები არ არის.

,,სამ ადამიანს, რომელიც გორში გამართულ ქორწილში სტუმრად იმყოფებოდა სხვა რეგიონიდან, კორონავირუსი დაუდასტურდა. არცერთი მათგანი არ არის გორის მუნიციპალიტეტის მცხოვრები, თუმცა, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს მათთან კონტაქტში მყოფთა დადგენა და ეპიდკვლევები. არაერთ ადამიანს მიეცა თვითიზოლაციის რეკომენდაცია, ყველა საეჭვო შემთხვევაზე ტარდება ტესტირება“, - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა მარი გიუნაშვილმა.

შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში, საქართველოში კოვიდ 19-ით ინფიცირების 158 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2075 გახდა. 

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 ადამიანი, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ არის 390 პირი.

 

კვირის ამბები