საზოგადოება
12.09.2020 11:36
კორონავირუსის 158 ახალი შემთხვევიდან არცერთი ინფიცირებული გორის მუნიციპალიტეტის მცხოვრები არ არის

გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, მარი გიუნაშვილის ინფორმაციით, საქართველოში, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გამოვლენილი კოვიდინფიცირების 158 ახალი შემთხვევიდან არცერთი ინფიცირებული გორის მუნიციპალიტეტის მცხოვრები არ არის.

,,ბოლო დღეების განმავლობაში, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩატარდა როგორც გეგმიური, ასევე არაგეგმიური ტესტირებები. ლაბორატორიაში გაიგზავნა 300-მდე ნიმუში და ამ დროის მდგომარეობით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ არცერთ პირს კოვიდინფექცია დადასტურებული არ აქვს“, - განაცხადა GMnews-თან მარი გიუნაშვილმა.

 

შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში, საქართველოში კოვიდ 19-ით ინფიცირების 158 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2075 გახდა. 

მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, 9-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი და 1363 გახდა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 ადამიანი, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ არის 390 პირი.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

 

კვირის ამბები