საზოგადოება
18.10.2019 17:08
საიდან გავა ახალი ავტობუსები სოფლების მიმართულებით

გორის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ავტოპარკის განახლების შემდგომ, ატობუსები, სოფლების მიმართულებით, სავარაუდოდ, წმინდა წყალზე მდებარე ახალი, ამჟამად უფუნქციო ავტოსადგურის ტერიტორიიდან გავა. ამ საკითხზე მერიას საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, თუმცა, როგორც GMnews-თან საუბრისას მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკის სამსახურის ტრანსპორტისა და გარე რეკლამის რეგულირების განყოფილების ხელმძღვანელი აცხადებს, ერთ-ერთ ლოკაციად სწორედ ახალი ავტოსადგურის ტერიტორია განიხილება. არჩილ განჯელაშვილის თქმით, ასევე დაუზუსტებელია, თუმცა, სავარაუდოდ, კომბინატის დასახლების ტერიტორიაზე განთავსდება მუნიციპალური ტრანსპორტის კომპანიის ადმინისტრაცია.

 გორის საზოგადოებრივი ტრანსპორტი სავარაუდოდ იანვრიდან განახლდება. ამ დროისთვის უცნობია, რა ფერის ავტობუსები მოემსახურება მოსახლეობას, თუმცა, ცნობილია, რომ გორის მუნიციპალიტეტში 30 ერთეული ISUZU-ს ფირმის ავტობუსი შემოვა და ევრო-5 ტიპის დიზელის საწვავზე იმუშავებს.

გორის მუნიციპალიტეტის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის თქმით, ადგილობრივ თვითმმართველობას 18 ერთეული 8 მეტრი სიგრძის და 12 ერთეული 10 მეტრი სიგრძის ავტობუსი გადაეცემა და აღნიშნული სატრნსპორტო საშუალებები როგორც ქალაქის, ისე მუნიციპალიტეტის სოფლების ტერიტორიაზე გადანაწილდება.

აღნიშნული პროექტი საქართველოს 6 ქალაქში (ქუთაისი, გორი, თელავი, ზუგდიდი, რუსთავი და ფოთი) 100 ახალი ავტობუსის შემოყვანას ითვალისწინებს. ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების პროგრამას ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) 10 მილიონი ევროთი აფინანსებს, პროექტის მთლიანი ღირებულება კი - 18 მილიონი ევროა.

პროექტს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს.

კვირის ამბები