დიდ ქალაქებში სწავლის დისტანციურად დაწყებასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება კერძო სკოლებსაც ეხება, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.
გიორგი გახარიას თქმით, თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 15 სექტემბერს სასწავლო პროცესის დისტანციურ რეჟიმში დაწყების გადაწყვეტილება ყველა სასწავლო დაწესებულებას ეხება.
„ეს ეხება ყველას, მათ შორის კერძო სკოლებსაც. ასევე, ეს ეხება სხვადასხვა წრეს, რომელზეც ბავშვები დადიან და, რომელიც არ არის ღია ცის ქვეშ. ღია ცის ქვეშ არსებულ წრეებთან დაკავშირებით, შესაბამის პროტოკოლს ეპიდემიოლოგები და სპეციალისტები გააკეთებენ“, - აღნიშნა პრემიერმა.
შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში სასწავლო პროცესი 15 სექტემბრიდან დისტანციურად დაიწყება, ხოლო კლასებსა და აუდიტორიებში პირველი ოქტომბრიდან.