კულტურა
11.09.2020 15:18
გორის თეატრი კომედიის ფესტივალის ფარგლებში დაანონსებულ სპექტაკლს გიორგი მაყაშვილის დასახმარებლად ითამაშებს
კომედიის ფესტივალის ფარგლებში დაანონსებულ სპექტაკლს - „ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი” (რეჟ: ელენე მაცხონაშვილი) გორის თეატრი საქველმოქმედოდ გამართავს. როგორც გიორგი ერისთავის სახელობის დრამატულ თეატრში ამბობენ, შემოსული თანხით კოლეგას, ამავე თეატრის მსახიობს, გია მაყაშვილს დაეხმარებიან.
„მოგეხსენებათ, კომედიის მეშვიდე ფესტივალი თეატრის უკანა ეზოში ჩატარდება, სადაც რეგულაციებიდან გამომდინარე, მაყურებლისთვის, განთავსდება 200 სკამი დისტანციის დაცვით. რაც შეეხება 14 სექტემბერს ჩანიშნულ სპექტაკლს, კომედიის ფესტივალის ფარგლებში ტარდება და საქველმოქმედო მიმართულება მივეცით ჩვენი მსახიობის, გიორგი მაყაშვილის დასახმარებლად. გიორგიმ, მიმდინარე წლის მარტში მწვავე ინფარქტი მიიღო და გათიშული ჰქონდა ტვინის 60%-ი, ღვთის შეწევნით და ექიმების დახმარებით მისი მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა, მაგრამ წართმეული აქვს მარცხენა ფეხი და ხელი. რომლის აღსადგენად ესაჭიროება ყოველდღიური მასაჟი და ძვირადღირებული მედიკამენტები. ოჯახს კი, სახსრები არ აქვს, ამიტომ ამ ფორმით გადაწყდა, რომ კომედიის ფესტივალი ხელმძღვანელობა დაეხმაროს გიორგის“, - აღნიშნა GMnews-თან საუბრისას გორის თეატრის მსახიობმა კობა კოპაძემ.
შეგახსენებთ, სპექტაკლზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელია თეატრის სალაროში მხოლოდ სპექტაკლის დღეს, ადგილების დასაჯავშნად კი უნდა დარეკოთ ნომრებზე: 577954234; ან577 390 350. წარმოდგენა 20:00 საათზე, ერისთავის თეატრის უკანა ეზოში გაიმართება. უსაფრთოხების მიზნით, მაყურებელი დაიშვება სიით, ამიტომ, ბილეთის ყიდვის ან დაჯავშნის დროს უნდა მიუთითოთ ყველა ვიზიტორის სახელი და გვარი. გაითვალისწინეთ, ბილეთის ღირებულება 5-10-15 ლარია და სპექტაკლზე დასასწრებად აბონიმენტი არ მოქმედებს.
კვირის ამბები