საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცლებული ინფორმაციის თანახმად, გენდერის ნიშნით, უმწეო მდგომარეობაში მყოფი ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ ლ.ლ.-ს 16 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
როგორც პროკურატურაში განმარტავენ, გორის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და გენდერის ნიშნით, წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ლ. ლ. დამნაშავედ ცნო.
სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 18 იანვარს, ხაშურის მუნიციპალიტეტში ლ.ლ.-მ გენდერის ნიშნით, ყოფილ მეუღლეს ბ.ნ.-ს, რომელსაც ეძინა, ნაჯახით მრავლობითი დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიღებული დაზიანებების შედეგად, ბ.ნ. ადგილზე გარდაიცვალა. როგორც ცნობილია, სამართალდამცველებმა ლ.ლ. იმავე დღეს ქ.ხაშურში დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, „დ“ პრიმა და „ვ“ ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფი ოჯახის წევრის მიმართ, გენდერის ნიშნით) წარედგინა.