გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში სტიქიურად შექმნილი ნაგავსაყრელების პრობლემა მოგვარდება. ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტო გარკვეულ ლოკაციებზე სალიკვიდაციო სამუშაოებს ახორციელებს. სააგენტოს თანამშრომლებმა სოფელ ზერტში სამი სტიქიური ნაგავსაყრელი უკვე დასუფთავეს. მოსახლეობის მხრიდან თვითნებურად დაყრილი საყოფაცხოვრებო ნარჩენები გაიტანეს სოფელ კვარხეთიდანაც. დასუფთავდა ასევე მეჯვრისხევის, ფაბრიკის დასახლების, თორტიზისა და ხელთუბნის მიმდებარედ არსებული დაბინძურებული ზონები. ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს დასუფთავების სამსახურში ამბობენ, რომ დაბინძურებული ტერიტორიები ანტისანიტარიის კერას წარმოადგენდა და სხვადასხვა დაავადების გავრცელების რისკებს ქმნიდა. ამიტომ, აღნიშნული მიმართულებით სამუშაოები ყველა იმ სოფელში განხორციელდება, სადაც სტიქიურად შექმნილი ნაგავსაყრელი ჯერ კიდევ არსებობს. გასულ წელს სტიქიური ნაგავსაყრელი გორის მუნიციპალიტეტის 18 სოფელში დაიხურა, თუმცა დაბინძურების ახალი კერები ყოველწლიურად, მოსახლეობის დაუდევრობით მაინც ჩნდება.