საზოგადოება
11.09.2020 11:39
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციები სკოლებისა და უმაღლესი სასწავლებლებისთვის

ბავშვი, რომელსაც ტემპერატურა ან სხვა რესპირატორული სინდრომი ექნება, მშობელმა სკოლაში არ უნდა გაუშვას, - აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა. მისივე თქმით, სკოლის ხელმძღვანელებმა მუდმივად უნდა აკონტროლონ, რომ სკოლებში თერმოსკრინინგი შეუფერხებლად ჩატარდეს.

„სწავლის დაწყებამდე სულ რამდენიმე დღე რჩება, მივმართავ მშობლებს, სკოლაში არავითარ შემთხვევაში არ გაუშვან ბავშვი, ვისაც ტემპერატურის მატება, ან რამე რესპირატორული სინდრომი ექნებთ, დარეკონ 112-ზე და ექიმის კონსულტაციით მართონ შემთხვევა. ასევე, სკოლის ხელმძღვანელებს მივმართავ, იყოს მუდმივი თერმოსკრინინგი და მომატებული ტემპერატურით ბავშვი სკოლაში დაშვებული არ იყოს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

უმაღლეს საწავლებლებთან დაკავშირებით, ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია გახლავთ, რომ როგორც ლექტორებმა, ასევე სტუდენტებმა პირბადე ატარონ.

„ზოგადი რეკომენდაციებიის მიხედვით, უნდა მუშავდებოდეს და სველი წესით ყოველდღიურად ლაგდებოდეს სასწავლო დაწესებულებები. უნდა ტარდებოდეს შენობების პერიოდული დეზინფექცია, ხდებოდეს დისტანციის დაცვა სწავლების პროცესში. სადაც შეიძლება დისტანციური სწავლებით ჩანაცვლება, ჰიბრიდული მოდელის უფრო ფართოდ გამოყენება აუცილებელია, რომ თავი დავიზღვიოთ დიდი მობილობის პროცესში, როდესაც ერთად 120-130 სტუდენტი უნივერსიტეტებში და 3-ჯერ მეტი მოსწავლე წავა სკოლებში, თავიდან ავიცილოთ ინფექციის შემდგომი გავრცელება ქვეყანაში“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კვირის ამბები