ვაშლის ჩაბარება რიგების გარეშე მოხდება და ფერმერებს პროდუქცია დაუბინავებელი არ დარჩებათ - ლევან დავითაშვილი
ვაშლის ჩაბარება რიგების გარეშე მოხდება და ფერმერებს პროდუქცია დაუბინავებელი არ დარჩებათ - აღნიშნულის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ხილის გადამმუშავებელ კომპანია „ჯეო კონცენტრატში“ ვიზიტისას განაცხადა. ლევან დავითაშვილი, საწარმოში, არასტანდარტული ვაშლის მიღების პროცესს გაეცნო და სახელმწიფოს მიერ მეწარმეებისთვის შეთავაზებული პროგრამაზე ისაუბრა.
„შიდა ქართლის რეგიონში არსებული საწარმოების სიმძლავრეების სრულად დატვირთვის საშუალებას იძლევა. ორი დღეა დაიწყო მოსავლის ჩაბარება და უკვე 7 კომპანია ჩაერთო პროგრამაში. ვფიქრობ, სახელმწიფოს ეს მხარდაჭერა საკმარისია იმისთვის, რომ რიგების გარეშე მოხდეს მოსავლის ჩაბარება და ფერმერებს პროდუქცია დაუბინავებელი არ დარჩეთ. უნდა აღინიშნოს, რომ გადამუშავებული, ადგილობრივი წარმოების პროდუქცია, ძირითადად, ევროკავშირის ბაზარზე გადის, რაც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
შეგახსენებთ, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სოფლისა განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 0.10 ლარის ოდენობის სუბსიდიას გასცემს.
არასტანდარტული ვაშლის შესყიდვის შემთხვევაში, სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც 2020 წლის1 დეკემბრამდე, მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 0.22 ლარად შეისყიდიან.
რაც შეეხება შპს „ჯეო კონცენტრატს“, მისი დამფუძნებლის, ივანე გოგლიძის თქმით, კომპანია პირველივე დღიდან ჩაერთო აღნიშნულ პროგრამაში და არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირდა. კომპანია ადგილობრივი ფერმერებისა და გლეხებისაგან იბარებს და გადაამუშავებს არასტანდარტულ ვაშლს. წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია კი, ევროპის ბაზარზე მოხდება.