საინტერესო ამბები
10.09.2020 14:37
კორონავირუსის პანდემიის გამო მეორედ გადადებული ქორწილი

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან, ქოწილების, დაბადების დღეების, ქელეხებისა და სხვა სოციალური ღონისძიებების გამართვა აიკრძალა. ის მოქალაქეები კი, ვისაც დღეს, ან უახლოეს დღეებში ჰქონდათ ჩანიშნული მსგავსი ღონისძიებები, იძულებულნი გახდნენ - გადაედოთ.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მსგავსი შეზღუდვა ჯერ კიდევ მარტში ამოქმედდა, ანალოგიური პრობლემის წინაშე მაშინაც არაერთი მოქალაქე აღმოჩნდა.

GMnews გიამბობთ, როგორ გადაიდო უკვე მეორედ კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძებების გამო აფციაურების ოჯახში დაგეგმილი ქორწილი.

„ჩემი შვილი ჯერ კიდევ მანამდე დაოჯახდა, სანამ საქართველოში კორონავირუსი ფართოდ გავრცელდებოდა. იმ მომენტში მარხვა იყო და შესაბამისად, ქორწილის გადახდისგან თავი შევიკავეთ, თუმცა, გაზაფხულზე მზადება დავიწყეთ, მაგრამ დაგეგმილი ქორწილის გადადება მოგვიხდა, რადგან ქვეყანაში შესაბამისი შეზღუდვები ამოქმედდა. როცა სიტუაცია ასე თუ ისე დასტაბილურდა და რეგულაციებიც შერბილდა, კვალვ შევუდექით სამზადისს, მაგრამ დღეისთვის დაგეგმილი ქორწილის კიდევ ერთხელ გადადება დადგა დღის წესრიგში. ცოტა კურიოზულია ეს ყველაფერი, მაგრამ ფაქტია. უკვე ვხუმრობთ ოჯახში, რომ იმედია, მესამე ჯერზე საქმეს ბოლომდე მივიყვანთ“, - ამბობს GMnews-თან საუბრისას თამარ აფციაური.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ქორწილების, იუბილეების, ქელეხებისა და სხვა სოციალური ღონისძიებების გამართვა 23 მარტს აიკრძალა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, აღნიშნული შეზღუდვა 15 ივლისიდან მოიხსნა, თუმცა, ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გათვალისწინებით, უწყებათასორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოში დღეიდან ამოქმედდა აკრძალვა, რომლის საფუძველზეც, ქორწილზე და სხვა სოციალურ ღონისძიებებზე დამსწრე პირთა რაოდენობა 10 ადამიანს არ უნდა აღემატებოდეს.

კვირის ამბები