გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე „სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში რამდენიმე სპორტული მოედანი და სკვერი მოეწყობა
„სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კიდევ რამდენიმე სკვერი და სპორტული მოედანი მოეწყობა, - ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. როგორც ცნობილია, ადგილობრივმა თვითმმართველობამ შესაბამისი სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ტენდერები უკვე გამოაცხადა.
GMnews-ის ინფორმაციით, პროექტების ჯამური სატენდერო ღირებულება 709 375 ლარია. გასართობი და რეკრეაციული ზონები ქალაქში შემდეგ ლოკაციებზე მოეწყობა და თითოეული სივრცის კეთილმოწყობისთვის გათვლილი ხარჯები ასე გამოიყურება: მელიქიშვილის ქუჩის მიმდებარედ სკვერის მოწყობა -
28 460 ლარი; მუსხელიშვილის ქუჩაზე სკვერისა და ტრენაჟორების მწყობა -
42 370 ლარი; თოიძის ქუჩის მიმდებარედ ტრენაჟორების მოწყობა - 19 485 ლარი
შინდისში სპორტული მოედნის მოწყობა - 79 280 ლარი; ქიწნისში სპორტული დარბაზის სარეაბილიტაციო სამუშაოები - 100 260 ლარი; ხვითში სპორტული მოედნის მოწყობა - 102 130 ლარი; უფლისციხეში სკვერის მოწყობა - 197 380 ლარი;
მეჯვრისხევში სკვერის მოწყობა - 99 815 ლარი. ტენდერი ასევე გამოცხადებულია ხიდისთავში სანიაღვრე არხის მოწყობაზეც. სამუშაოების შესასრულებლად გათვალისწინებული თანხა კი, 15 760 ლარს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ „სამოქალაქო ბიუჯეტის“ პროგრამა გორის მუნიციპალიტეტში2016 წლიდან ხორციელდება და მის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებს ადგილობრივი მოსახლეობა ხმათა უმრავლესობით ირჩევს.