გორში მდებარე ტურისტული ობიექტების ნუსხას ახლახანს ერეკლეს აბანო შეემატა. რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ისტორიული შენობა დამთვალიერებლების სიმცირეს არ უჩივის, თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ აბანოს დაარსების თარიღი და წარმომავლობა დღემდე ისტორიკოსებს შორის დავის საგანს წარმოადგენს. GMnews-ი, ორი ცნობილი მკვლევარის ვერსიას გთავაზობთ. ისტორიკოსი ელდარ მამისთვალiშვილი ფიქრობს, რომ „ერეკლეს აბანო“ გორში 1802-03 წლებში აშენდა, არგუმენტად კი, 1802 წელს შედგენილ ქალაქის რუკაზე ობიექტის არარსებობა მოჰყავს. აღნიშნულ შეხედულებას არ იზიარებს ხელოვნებათმცოდნე პაატა ბასიშვილი და ვარაუდს გამოთქვამს, რომ შენობა გაცილებით ადრე, როსტომ მეფის ზეობის პერიოდში (1632-1658 წწ.) აშენდა. აღნიშნულ რუკაზე კი, მხოლოდ იმიტომ არ დაიტანეს, რომ ნაგებობა იმ პერიოდის ქალაქის დასახლებული ნაწილიდან, საკმაოდ მოშორებით მდებარეობდა. მისივე თქმით, აღნიშნულ ტერიტორიაზე სავარაუდოდ, სპარსელების სამხედრო ბანაკი იყო განთავსებული და აბანო ჯარისკაცების საჭიროებისთვის ააშენეს. რაც შეეხება აბანოს სახელწოდებას, მკვლევარები ჯერჯერობით ვერ შეთანხმდნენ ვის სახელს ატარებს ეს ისტორიული ძეგლი, ერეკლე მეფის თუ შენობის არქიტექტორის.